იმერეთში, ზემო მესხეთში, 46-ე უბანთან ფორმულას ჟურნალისტს ქვა ესროლეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გადამღები ჯგუფი ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც გაირკვა, რომ უბანთან მობილიზებულ პირებს სიები ჰქონდათ. ფორმულას ჟურნალისტმა ერთ-ერთ მათგანს სიების შესახებ ჰკითხა, რის შემდეგაც დაიწყო მისთვის შეურაცხყოფის მიყენება.
"უნდა გაგასვენოთ თქვენ... გაეთრიე აქედან, დეგენერატი ხარ, შტერო ქალო! წადი, თორე დაგილეწავ თავ-ყბას", - უთხრა ქალმა ფორმულას ჟურნალისტს და ქვა ესროლა.
ეს არ არის საარჩევნო უბანთან ჟურნალისტზე თავდასხმის პირველი შემთხვევა. მანამდე, ფორმულას გადამღებ ჯგუფს გონიოში თავს დაესხნენ, ავტომობილს კი ქვები ესროლეს.
მარტვილში, მე-2 საარჩევნო უბანზე, ფორმულას ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძეს თავს დაესხნენ. ადგილზე ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
მანამდე, ზუგდიდში, ფორმულას ჟურნალისტ დავით მანიას ქართული ოცნების კოორდინატორები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ასევე, მარტვილში 31-ე უბანზე ფორმულას ჟურნალისტს, ნანო ჩაკვეტაძეს უცხო პირი კითხვების დასმის დროს ფიზიკურად დაუპირისპირდა.